სიახლეები

სახალხო დამცველმა შეხვედრა გამართა თემაზე – „კერძო სექტორის როლი თანასწორობის მიღწევის პროცესში“

2018 წლის 2 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა კერძო სექტორის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც დასაქმების სფეროში თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის კვლავ ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. საინტერესოა ისიც, რომ სახალხო დამცველისადმი დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევების შესახებ მიმართვების 35% კერძო სექტორს უკავშირდება. ნინო ლომჯარიამ ორ ძირითად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: სექსუალური შევიწროება, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დისკრიმინაციის ფორმაა, თუმცა მასზე ხშირ შემთხვევაში არ საუბრობენ. სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლებში კი ყველაზე მოწყვლად ჯგუფად კვლავ ორსული ქალები რჩებიან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შრომის უფლების რეალიზაცია არაერთ გამოწვევას უკავშირდება. ისეთ გამოწვევებთან ერთად, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საჯარო სივრცეების მისაწვდომობის პრობლემა, კვლავ პრობლემად რჩება დასაქმების ადგილზე შესაბამისი პირობების შექმნა და მათი დასაქმების ხელშეწყობა.

მონაწილეებს ასევე მიესალმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი დოროტა დლოუხი-სულიგა. დასაქმების სფეროში თანასწორობის უფლების რეალიზებისას არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთი შუბაშვილმა და სოციალურ საწარმო ბაბალეს ხელმძღვანელმა ლია ტაბატაძემ. კერძო სექტორის როლი თანასწორობის მიღწევის პროცესში არსებული მდგომარეობა და წარმატებული პრაქტიკაგანიხილეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ კოუგილიმ და „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელმა ნინო ბართაიამ.

შეხვედრის ბოლოს გამართულ დისკუსიაზე საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვის, განსაკუთრებით კი დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის აღმოფხვრის მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის არსებით როლსა და მონაწილეობაზე ისაუბრეს.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.

2.05.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)