სიახლეები

სახალხო დამცველმა პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის გაძლიერების მიზნით ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდა

2017 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაჩქარდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა.[1] მიმართვაში სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სრულყოფილ შესწავლას აფერხებს ის გარემოება, რომ კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სახალხო დამცველისთვის გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება არ აქვთ.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი განიხილავდა განცხადებას, რომლის თანახმად, ეთნიკურად ქართველი დასაქმებულები დამსაქმებელი კერძო კომპანიის მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციულ მოპყრობას ექვემდებარებოდნენ. საქმის შესწავლის პროცესში მოპასუხემ სრულყოფილად არ წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე უარი თქვა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრებაზე, განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი დისკრიმინაციის ფაქტის შესასწავლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, სახალხო დამცველი იძულებული გახდა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქმის წარმოება შეეწყვიტა.

აღნიშნული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ქვეყანაში თანასწორობისთვის ეფექტურად ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელზეც სახალხო დამცველს ყურადღება არაერთხელ გაუმახვილებია[2] და რაც, მათ შორის, კერძო პირებისთვის სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დაკისრებას გულისხმობს.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ასევე მოიცავს ცვლილებებს კერძო პირებისთვის სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების წარმოდგენის დავალდებულების, სასამართლოსთვის მიმართვის ვადის გაზრდის, მტკიცების ტვირთის სტანდარტის გაძლიერების და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სახალხო დამცველისთვის საქმის შესწავლის შესაძლებლობის მინიჭების შესახებ.

კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების განხორციელება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა.



[1] კანონის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წლის 11 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც, მათ შორის, კერძო პირებისთვის სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შესრულების დავალდებულებას გულისხმობს

[2] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებია და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, სექტემბერი, 2016, გვ. 9-10

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)