სიახლეები

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარვეზებთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

2018 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, თანამშრომელთა გადამზადების და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ერთიანი სტატისტიკის წარმოების თაობაზე საქართველოს მთავარ პროკურორს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2015-2017 წლებში, მომართვის თუ საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, შეისწავლა 50-ზე მეტი ფაქტი რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზებისა და სამართალდამცავთა მიერ სიძულვილის მოტივით მიყენებული სავარაუდო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების შესახებ.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა მიმოიხილა სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების სტანდარტი. ამასთან, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დანაშაულის გამოძიებისას სავარაუდო სიძულვილის გამოკვეთას არსებითი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ ასევე მომავალში მსგავსი დანაშაულის პრევენციისთვის.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია არსებულ საგამოძიებო სისტემაში შეიქმნას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულების გამოძიებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დაუცველი ჯგუფების მიმართ წინასწარი განწყობით ჩადენილი დანაშაულებების პრევენციაზე და დროულ და ეფექტიან გამოძიებაზე გადამზადებული კადრებით. ამასთან, არსებული პრობლემების ნათლად გამოსაკვეთად, საჭიროა შემუშავდეს აღრიცხვისა და სტატისტიკის წარმოების გამართული სისტემა, რომლითაც ასევე გაანალიზებული იქნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამომწვევი რისკ-ფაქტორები და მისი გამოვლენის ხელისშემშლელი გარემოებები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)