სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლის მიერ სტიპენდიის გაცემის წესი სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია

2018 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელს,“ რომ სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.

კავშირ „საფარის“ განცხადების თანახმად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა 2017-2018 წლისთვის დააწესა სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისათვის. აღნიშნული სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა კი არ აქვთ მე-8 კლასში გადამსვლელ გოგონებს.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სასტიპენდიო პროგრამის დანიშვნა, რომელიც სასწავლებლის არგუმენტით, ემსახურებოდა სქესთა შორის ბალანსის დაცვასა და მე-8 კლასში მყოფი ვაჟისათვის უმცირესობაში ყოფნის შედეგად შექმნილი დისკომფორტისა და დათრგუნვის აღმოფხვრას, თავისთავად წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპის კვლავწარმოებას და ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება ვალდებულება, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას თანაბარი პირობები დაფინანსების პროცესში, ხოლო გამონაკლისად, სტიპენდიის დაწესების დროს დაასაბუთოს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებული პირი ან პირთა ჯგუფი არის ეკონომიკური/სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით დაუცველი ან/და სხვაგვარად დისკრიმინირებულია, ხოლო მეორე მხრივ, თუ რა შედეგი იქნება მიღწეული დროებითი ღონისძიების გამოყენების შედეგად და როგორ დაეხმარება სტიპენდია სამიზნე ჯგუფს.

სახალხო დამცველი მიესალმება საგანმანათლებლო დაწესებულებების სურვილს ფინანსურად დაეხმაროს და წაახალისოს მოსწავლეები, თუმცა, აუცილებელია არსებობდეს ნათლად გაწერილი შეფასების კრიტერიუმი თუ ვისთვის უნდა გამოიყოს სტიპენდია, რათა პრაქტიკამ არ გამოიწვიოს რომელიმე ჯგუფის არახელსაყრელ, არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება და გაუმართლებლად არ გამოირიცხოს საჭიროების მქონე სხვა პირები დაფინანსების მიმღებ პირთა წრიდან.

რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოზიტიური ღონისძიებების განხორციელება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება უთანასწორობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს, თუმცა მსგავსი ზომები უნდა გატარდეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტის გათვალისწინებით და არ იწვევდეს სხვათა თანასწორობის უფლების შელახვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)