სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა „ფრესკოს“ წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ფრესკოს“ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ქალებისათვის განკუთვნილ გასახდელებში ფარული ვიდეო კამერების არსებობის ფაქტის შესწავლა. შპს „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელის ყველა ფილიალის გასახდელ ოთახებში მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, აღნიშნულ ოთახებში შესვლა კი შეუძლიათ მამაკაცებსა და ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, რომელთაც წვდომა აქვთ ვიდეო ჩანაწერებზე; ამასთან, ხელმძღვანელი პირები, სამსახურში არყოფნის დროს საცხოვრებელი ადგილიდანაც ახორციელებდნენ მონიტორინგს. შპს „ფრესკოს“ განმარტებით, ვიდეო კამერები მხოლოდ ქალი დასაქმებულების გამოსაცვლელ ოთახებში იყო დამონტაჟებული, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით გაუმართლებლად მოხდა დასაქმებულ ქალთა პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროში ჩარევა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გამოსაცვლელი ოთახი, სამუშაო ადგილზე, სხვა ოთახებიდან თუ საერთო სივრცისაგან გამოყოფილია იმ მიზნით, რომ დაცული იქნეს ინდივიდის ინტიმური სფერო და არ მოხდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულის სრულად თუ ნაწილობრივ წარმოჩენა სხვა პირების თანდასწრებით, მათი სქესის მიუხედავად. აღნიშნულის შესაძლებლობა არ ჰქონდათ შპს „ფრესკოში“ დასაქმებულ ქალებს, ვინაიდან ხდებოდა მათი თითოეული მოქმედების კონტროლი სამუშაო ადგილზე ყოფნის პერიოდში.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ დასახელებული მიზანი ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად, ვინაიდან არსებული პრაქტიკა დასაქმებულ ქალებს უქმნიდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოს, გაუმართლებლად ახდენდა მათი პირადი სივრცის კონტროლს და უხეშად ერეოდა ინტიმურ სფეროში. კომპანიის მსგავსი მიდგომა კი წარმოაჩენს ქალი თანამშრომლების მიმართ უპატივცემულო, ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას, რომელიც არაჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნის და აძლიერებს გენდერულ უთანასწორობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „ფრესკოს“ მხრიდან ქალი დასაქმებულების მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და მოუწოდა კომპანიას, რომ დასაქმებულ პირებს შეუქმნას ადამიანის ღირსებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემო.

აღსანიშნავია, რომ შპს „ფრესკოს“, ქალი თანამშრომლებისათვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით 2000 ლარის ოდენობით და დაავალა ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე, მოპოვებული ჩანაწერების სრულად განადგურება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)