სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად მიიჩნია, რომ ძებნაში მყოფი პირები ამნისტიის უფლებით ვერ სარგებლობენ

2018 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში – რათა ძებნაში მყოფ პირებს ამნისტიის უფლებით ყველა სხვა სუბიექტთან თანასწორ საფუძველზე სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ; ამასთან, საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსში“ განისაზღვროს პროცედურა, ყველა კატეგორიის პირის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენების თაობაზე.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ამნისტიის სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული უფლება წარმოიშობა პერიოდულად, სახელმწიფოს მიერ მიღებული სპეციალური კანონის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ამნისტიის უფლების მატარებელია ყველა ის პირი, ვინც ობიექტურად მოექცევა შესაბამისი „ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედების სფეროში.

შესაძლოა ძებნაში მყოფ პირთან მიმართებით, შეზღუდვის სავარაუდო ლეგიტიმური მიზანი იყოს ის გარემოება, რომ ის მიმალულია და აფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას. მიუხედავად ამისა, განსხვავებით შეწყალების აქტისგან, რომლის შემთხვევაშიც არსებითი არის პიროვნების სოციალური ქცევა და მისი პიროვნული მახასიათებლები, ამნისტიის აქტი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს სისხლის სამართლის კონკრეტულ დანაშაულს და ამნისტიის მიზნებისთვის, პიროვნების ქცევა გადამწყვეტი არ არის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ფაქტობრივად იქმნება სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო დეკლარაციული ხასიათის უფლებას ანიჭებს გარკვეულ ჯგუფს, შესაბამის სამართლებრივ აქტში კი არ ასახავს აღსრულებისა და უფლებით რეალიზების მექანიზმს ცალკეული პირებისთვის, რასაც არ აქვს ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად ვერ იქნება გამართლებული.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)