სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არსებითი თანასწორობის გარანტირების თაობაზე

2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების შესახებ ზოგადი წინადადებით მიმართა.

საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) მომართვის საფუძველზე დაიწყო. ორგანიზაციის განცხადებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის არ არის გათვალისწინებული მათ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამა, აღნიშნული გარემოება კი იწვევს ქალთა უთანასწორობას, ვინაიდან ძალადობის მსხვერპლი ქალი შესაძლოა დაორსულდეს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საკითხი კომპლექსურია და საჭიროებს არა მხოლოდ ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას, არამედ ადამიანის უფლებათა პერსპექტივით განხილვასა და გაუპატიურებისა და აბორტის მიმართ პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებული სოციალური და კულტურული ასპექტების ფონზე, ქალის საჭიროებაზე მორგებული პრაქტიკის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ არსებობდეს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქალთა არსებითი თანასწორობის გარანტი იქნება.

ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა მოითხოვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში განიხილოს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მსხვერპლისთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხი; გაუპატიურების შედეგად დაორსულებული ქალისათვის დაფინანსების მექანიზმის შემოღების შემთხვევაში, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მსხვერპლის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, დაფინანსების გამოყოფისთვის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენდეს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება და საკითხის დღის წესრიგში დაყენებისათვის საკმარისი გახდეს გაუპატიურების საქმეზე გამოძიების დაწყება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)