სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია „კრისტალბეთის“ სექსისტურ სარეკლამო პოსტერთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი თავის უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს შპს „მარსის“ (კრისტალბეთი) სარეკლამო პოსტერის მიმართ. პოსტერზე გაკეთებულია წარწერა – „სლოტები რომელიც იძლევა“, გვერდით კი გამოსახულია ქალი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკლამა სექსისტური შინაარსისაა და საზოგადოებაში ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ ქალი სექსუალურ კავშირზე მარტივად თანხმდება.

სახალხო დამცველი განმეორებით აღნიშნავს, რომ ბიზნეს სექტორს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს თანასწორობის პრინციპის დაცვას. პროდუქტის გაყიდვის მიზნით გამოყენებულ სექსისტურ ან სხვა სახის დისკრიმინაციულ რეკლამას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე, რამდენადაც რეკლამის მიზანია მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა და ამ გზით მისი დარწმუნება, შეიძინოს პროდუქტი. როდესაც მიზნის მიღწევის საშუალებად კომპანია დისკრიმინაციულ რეკლამას ირჩევს, ის ხელს უწყობს რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ მცდარი სტერეოტიპების დამკვიდრებას ან/და გაძლიერებას.

როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, უმეტეს შემთხვევაში, დისკრიმინაციის წყარო სწორედ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული უარყოფითი სტერეოტიპები, სტიგმები და მათი ინტერესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი შპს „მარსს“ მოუწოდებს, შეცვალოს სარეკლამო პოსტერი იმგვარად, რომ იგი არ ახალისებდეს ქალთა ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას და მომავალში სამეწარმეო საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)