სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შშმ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული სტერეოტიპების ხელშეწყობის ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ააიპ „რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გამართული სპორტული ღონისძიების შესახებ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას. რუსთავის საკრებულოს ფეისბუკ–გვერდის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მხარისა და ქალაქის სხვადასხვა ოფიციალური პირი იღებდა. როგორც გავრცელებული ფოტოებიდან იკვეთება, სავარაუდოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებაში, ეცვათ მაისურები წარწერით - „შშმპ“.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად დოკუმენტების და წამოწყებების სიმრავლისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღევანდელ რეალობაში კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულუფლებიან წევრად მონაწილეობის პროცესში და მათი უფლებები კვლავ ირღვევა, რაც განპირობებულია მათ მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებით.[1]

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას მიმართონ დაუყოვნებლივ ზომებს, რათა აამაღლონ საზოგადოების ცოდნა შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხებზე და გააღრმავონ ამ პირთა უფლებებისა და ღირსებისადმი პატივისცემა. ისინი ყველა სფეროში უნდა ებრძოლონ სტერეოტიპებს, ცრურწმენებს და მავნე ადათ–წესებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით. ამასთან, უფრო ფართოდ უნდა გაავრცელონ ინფორმაცია აღნიშნულ პირთა უნარ–ჩვევებისა და საქმიანობის შესახებ. დასახელებული მიზნების მისაღწევად გამოყენებული ზომები უნდა მოიცავდეს: საზოგადოების შემეცნებითი კამპანიის წამოწყებას და გატარებას, რათა ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაცნობიერებას, მათ მიმართ კეთილგანწყობას და, ამ საკითხში, სოციალური შეგნების ამაღლებას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უნარ–ჩვევების, დამსახურებებისა და შესაძლებლობის აღიარებას.[2]

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიება გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1992 წლიდან აღინიშნება და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით, ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში ტოლერანტობის, მიმღებლობისა და ცნობიერების ამაღლებას.

სახალხო დამცველი მიესალმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან მსგავსი თარიღების აღნიშვნაში მონაწილეობას, თუმცა მიიჩნევს, რომ საკითხის მაღალი მგრძნობელობიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ფრთხილად უნდა მოხდეს ღონისძიებათა შინაარსობრივი დაგეგმვა, ვინაიდან არ მოხდეს თანასწორობის პრინციპის ხელყოფა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმების წახალისება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციული სტერეოტიპების გაძლიერებას, რამდენადაც მაისურზე არსებული წარწერა ხაზს უსვამს ამ ადამიანების განსხვავებას სოციუმის დანარჩენი წევრებისგან და მათ მარგინალიზებას უწყობს ხელს. თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების თითოეული წევრი, განსაკუთრებით სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები, უნდა ზრუნავდნენ ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირსა და ორგანიზაციას, სამომავლოდ თავი შეიკავონ მსგავსი ხასიათის წარწერებისა თუ სიმბოლიკის არასწორ კონტექსტში გამოყენებისგან.



[1] „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში. გვ. 39. იხ: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3727.pdf

[2] „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის მე–8 მუხლის 1–ლი პუნქტის ა, ბ, გ ქვეპუნქტები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)