საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლის პროცესთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ზვიად დევდარიანის წარმომადგენლის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, შესაძლო სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესწავლის პროცესში სახალხო დამცველზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური წნეხი.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და საქმეთა შესწავლის პროცესი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარიმართება. ამასთან, სახალხო დამცველი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპითა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან რაიმე ტიპის ზეგავლენას.
კონკრეტული განცხადებების შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველი უზრუნველყოფს ორივე მხარის თანაბარ ჩართულობას და საქმისწარმოებას მხოლოდ მხარეების მიერ საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტისა და მტკიცებულების წარმოდგენის შემდეგ ასრულებს. რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მიმდინარე დავებს, სახალხო დამცველის აპარატი ხუთი ქალის განცხადებას სწავლობს. მათგან ერთი დაზუსტების პროცესშია, ხოლო 4 უკვე გაზიარებულია მოპასუხე მხარესთან.
აღნიშნული განცხადებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირადად გაესაუბრნენ მხარეებს, გამოკითხეს საქმესთან დაკავშირებული მესამე პირები და წერილობით გამოითხოვეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი წერილობითი კომუნიკაციის გაცვლა მხარეთა შორის და, ორივე მხარის მიერ საკუთარი პოზიციის საბოლოოდ დაფიქსირების და შესაბამისი სამართლებრივი კვლევის ჩატარების შემდეგ, სახალხო დამცველი მიიღებს გადაწყვეტილებას სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი კიდევ სამ საჩივარს განიხილავს სხვადასხვა მოპასუხეების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით.