სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ინდოქტრინაციის ფაქტებს ეხმიანება

2017 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა ზოგადი წინადადებით, რომლითაც მოუწოდა, რომ მან განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები საქართველოს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, ასევე, სკოლის მოსწავლეთა მიერ, მათი რელიგიური იდენტობის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფის და რელიგიური დისკრიმინაციის მომავალში გამორიცხვის მიზნით.

ზოგადი წინადადების საფუძველს წარმოადგენს სახალხო დამცველის სახელზე ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ და ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ მიერ შემოტანილი განცხადებები, რომელშიც განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლის დირექტორმა მუსლიმ მოსწავლე გოგონას მოსთხოვა ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) სკოლაში ტარებაზე უარის თქმა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ამგვარი მოთხოვნა არ გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და გაუმართლებლად ზღუდავს მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ განხილული განცხადებებიდან ორი შეეხება ისეთ სოფლებს სადაც მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ მუსლიმები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სოფლებში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხე) უახლეს წარსულში ადგილი ჰქონდა მუსლიმური სალოცავის მშენებლობასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას. განცხადებები ასევე შეეხებოდა თბილისის 158-ე სკოლაში მუსლიმ მოსწავლეთა ინდოქტრინაციას და თერჯოლას მე-2 საჯარო სკოლის მასწვლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ფაქტებს. აღნიშნული ფაქტებით სახალხო დამცველს ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ მიმართა.

ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა სამინისტროს ასევე მოუწოდა, რომ უფრო დეტალურად შეისწავლოს საჯარო სკოლებში რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლების (მათ შორის ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) ტარების) საკითხი და წარდგენილი ზოგადი წინადადების შინაარსის გათვალისწინებით, ჩამოაყალიბოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო ერთიანი მიდგომა. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით, სამინისტრომ, უზრუნველყოს სკოლის ინფრასტრუქტურაში რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნების გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრა. ამასთან ერთად, უზრუნველყოს საჯარო სკოლებში სასკოლო საათების დროს რელიგიურ რიტუალში სკოლის მოსწავლეების, ასევე ქრისტიანულ რიტუალებში არაქრისტიანი მოსწავლეების მონაწილეობის სავარაუდო ფაქტების სათანადოდ შესწავლა, შეფასება, დისციპლინური წარმოების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. უზრუნველყოს ტრეინინგები ტოლერანტობის და მულტიკულტურული სწავლების მნიშვნელობის თაობაზე, განსაკუთრებით, რელიგიური ან ეთნიკური თვალსაზრისით არაერთგვაროვან რეგიონებში არსებული სკოლების მასწავლებლებისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)