სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამოდ მიიჩნევს

სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლილი მსხილაძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნას და მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოსამართლეთა გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადაამოწმოს და მხედველობაში მიიღოს მოსამართლეთა მიერ ისეთი ღირებულებებისადმი ერთგულება, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა და შემწყნარებლობა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლილი მსხილაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს გამართულ აქციას, რომელიც კონტრდემონსტრანტებმა ძალადობრივი გზით დაშალეს. კერძოდ, მსხილაძემ ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებებისათვის ბრძოლის პროცესს „ავადმყოფობა“ და „უმსგავსობა“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისს მომხდარ ძალადობის ფაქტზე არც ერთ პირს არ დაკისრებია სამართლებრივი პასუხისმგებლობა სიძულვილით მოტივირებული ფიზიკური ძალადობის ჩადენისათვის.[1] 2012-2014 წლებში 17 მაისს მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვის საჭიროებას სახალხო დამცველმა თავის ანაგარიშებში არაერთხელ გაუსვა ხაზი.[2] ამასთან, როგორც 2012 წლის 17 მაისს მომხდარ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო აქციის მონაწილეთა ეფექტური დაცვა, რითიც დაარღვია ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლები მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში.[3] ევროპულმა სასამართლომ ასევე განსახილველად მიიღო 2013 წლის 17 მაისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული 2 საჩივარი.[4]

სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს მოსამართლეთა მხრიდან გაკეთებულ მცდარ სტერეოტიპებზე დაფუძნებულ განცხადებებს, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსა და სხვადასხვა უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ სიძულვილის ენას.

ლგბტ+ თემი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაუცველი ჯგუფია. საზოგადოებაში არსებული აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც დამკვიდრებული სტერეოტიპებით საზრდოობს, თემს საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის და მათი ღირსების შესაბამისად ცხოვრების შესაძლებლობას უზღუდავს. მოსამართლეთა კორპუსს კი, როგორც მართლმსაჯულების ძირითად ორგანოს, განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრება დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტ+ თემის თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში. სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების თანახმად, მოსამართლეს, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის, რწმენის, კავშირის შექმნისა და გაერთიანების თავისუფლება, თუმცა, ამ უფლებების განხორციელებისას, მან უნდა შეინარჩუნოს თანამდებობრივი ღირსება, სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.[5] საქართველოს სამოსამართლო ქცევის ეთიკის კოდექსის მე-18 მუხლიც ცალსახად მიუთითებს, რომ მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. ამასთან, მოსამართლემ სასამართლო მოხელესაც უნდა ურჩიოს თავი შეიკავოს ამგვარი განცხადების გაკეთებისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარმართოს ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის შესაბამისად და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას.



[1] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2014, გვ. 530

[2]საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2015, გვ. 715

[3] ECtHR, Identoba and others v Georgia, App. No. 73235/12, 12/05/2015

[5] სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპები, ღირებულება 4.6, 2002, ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://www.unodc.org/pdf/crime/corruption/judicial_group/Bangalore_principles.pdf

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)