სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ანგარიშს „სახალხო დამცველი, როგორც თანასწორობის მექანიზმი“

2017 წლის 28 ივლისს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი - EMC”-მ წარმოადგინა ანგარიში „სახალხო დამცველი, როგორც თანასწორობის მექანიზმი. კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“. ანგარიშში ასახული რეკომენდაციები ეხება როგორც საკანონმდებლო ხარვეზებს, ასევე სახალხო დამცველის პრაქტიკას.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის 2015 წელს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში ასახულია ის პროცედურულ-სამართლებრივი ცვლილებები, რაზეც EMC-ს ანგარიშში არის საუბარი - კერძოდ, საკანონმდებლო წინადადებით სახალხო დამცველი, მათ შორის, ითხოვდა საქმის შესწავლის პროცესში კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ინფორმაციის წარმოდგენის დავალდებულებას, საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებიდან ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის ამოღებას და დისკრიმინაციის საქმეებზე სასამართლოსთვის მიმართვის 3-თვიანი ვადის 1 წლამდე გაზრდას. ასევე, თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის სპეციალურ ანგარიშში სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ აუცილებელია, კანონით პირდაპირ განისაზღვროს დისკრიმინაციის ისეთი ფორმები, როგორიცაა უარი გონივრულ მისადაგებაზე და შევიწროება/სექსუალური შევიწროება. ამასთან, ანგარიშში ასახულია მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც უშუალოდ სახალხო დამცველის პრაქტიკაში ცალკეული მიდგომების გაძლიერებას ეხება. სახალხო დამცველი სრულად იზიარებს მათი პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ საქმისწარმოებას, მათ შორის, სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვით ახორციელებს. კერძოდ, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სახალხო დამცველი არ შეისწავლის დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ მხოლოდ იმ საქმეებს, რომელიც სასამართლოს მიერ წარმოებაშია მიღებული, რაც, პრაქტიკულად, გულისხმობს, რომ თანასწორუფლებიანობის აღდგენის ერთადერთ ალტერნატიულ ეფექტიან საშუალებად სასამართლო მიიჩნევა. ასევე, დისკრიმინაციის საქმეზე განმცხადებლის მიერ მტკიცებულებების მოპოვების სირთულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი გადაწყვეტილებას განცხადების დასაშვებობის შესახებ, არ იღებს მხოლოდ წარმოდგენილი განცხადების მიხედვით და განმცხადებელს, მათ შორის, ზეპირი კომუნიკაციის მეშვეობით, ეხმარება დაცული ნიშნის, შესადარებელი სუბიექტის თუ სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების იდენტიფიცირებაში. ამასთან, სახალხო დამცველი გამოიყენებს მტკიცების ტვირთის ძალიან დაბალ სტანდარტს, რაც გულისხმობს, რომ იგი თავად ყოველმხრივ გამოიკვლევს საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს. ამასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც მოპასუხე არ გასცემს საქმის სრულყოფილად შესწავლისთვის აუცილებელ ინფორმაციას, შესაბამისი ფაქტების და მტკიცებულებების არსებობისას, სახალხო დამცველი ადგენს დისკრიმინაციის/დისკრიმინაციის ხელშეწყობის ფაქტს. ასევე, შესაბამისი საჭიროების არსებობისას, საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველი მიმართავს სიტუაციური ტესტირების მექანიზმს. ასევე აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ მსჯელობისას, სახალხო დამცველი, ეროვნულ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებულ სიცარიელეს ავსებს საერთაშორისო სამართლებრივ წყაროებზე დაყრდნობით, რის შედეგადაც, დისკრიმინაციის რომელიმე ფორმის კანონით განუსაზღვრელობა ვერ გახდება მისი მსჯელობის მიღმა დატოვების საფუძველი. მაგალითად, სახალხო დამცველმა წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები საქმეებზე, რომლებიც ეხება დისკრიმინაციის ისეთ ფორმებს, როგორიცაა, სექსუალური შევიწროება და უარი გონივრულ მისადაგებაზე.

სახალხო დამცველი არსებითად იზიარებს ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მსგავსი დოკუმენტების წარმოდგენა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დახვეწის, ასევე თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით ინსტიტუციების გამართული მუშაობის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)