სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის სექსისტურ გამონათქვამებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის არჩილ მამულაძის სექსისტური ხასიათის მოსაზრებებს, რომლის თანახმად, ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული.

არჩილ მამულაძე ასევე მიუთითებს, რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, „უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას“. ამასთან, საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ „მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო პირის, განსაკუთრებით კი საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მხრიდან გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების გავრცელება და ქალის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს აფერხებს.

მსგავსი დამოკიდებულება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ორგანოს წევრისგან, რომლის პირდაპირ მოვალეობას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და თანასწორობის პრინციპის დანერგვა წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც ქალის გენდერულ როლად ოჯახთან დაკავშირებულ საქმეებს მოიაზრებს და აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს არჩილ მამულაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)