სიახლეები

სახალხო დამცველმა სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

2021 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალურ ქსელში ქალის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებლის ინტერესებს ააიპ „საფარი“ წარმოადგენდა.

განმცხადებელი მარტოხელა დედაა, რომელსაც ალიმენტის საქმეზე ადვოკატის ძიების პროცესში, სოციალურ ქსელში მამაკაცი დაუკავშირდა. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ მოპასუხემ მას იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მისწერა და თავადაც უპასუხა. კომუნიკაციისას, მოპასუხე განმცხადებელს უსვამდა პირადი ხასიათის კითხვებს, კომენტარებს აკეთებდა ქალის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და საკუთარი გავლენის დასადასტურებლად, მის სანაცნობო წრესა და მაღალ შემოსავალს უსვამდა ხაზს. ვინაიდან საუბარი განმცხადებლისთვის დამამცირებელი და დამაშინებელი გახდა, ის შეეცადა მოპასუხეს დამშვიდობებოდა, რის შედეგადაც კაცმა მას შეურაცხმყოფელი კომენტარები მისწერა; ასევე, მომდევნო დღეებში კვლავ შეეცადა მასთან დაკავშირებას.

სექსუალური შევიწროების ვარაუდის გაქარწყლების მიზნით, მოპასუხე მიუთითებდა, რომ განმცხადებელმა მის წინააღმდეგ საჩივარი შურისძიების მიზნით აღძრა, ვინაიდან ის სხვა ქალზე დაქორწინდა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტი და, შესაბამისად, მიმართა რეკომენდაციით, მომავალში არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ ნორმის კანონში ასახვის შემდეგ, ამ საკითხზე მომართვიანობა გაიზარდა. სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლას და მისი პრევენციის მიმართულებით მუშაობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)