სიახლეები

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

2019 წლის 16 ოქტომბერს საქართვლოს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში კერძო კომპანიის ხელმძღვანელის მიერ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი კომპანიაში გადიოდა სტაჟირებას. განმცხადებლის მითითებით, მისი უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის სიტყვიერ და ფიზიკურ ქმედებებს, რის გამოც განმცხადებელს შეექმნა დამამცირებელი სამუშაო გარემო და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. განმცხადებლის მიერ სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები ამყარებდა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქმეში არსებული მასალების, მათ შორის, მხარეთა გამოკითხვის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის და აუდიო ჩანაწერების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შემავიწროებელს, მომავალში, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო. ასევე, სახალხო დამცველმა კომპანიას მოუწოდა, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოების და 2019 წლის თებერვალში მისი საკანონმდებლო რეგლამენტაციის შედეგად, სახალხო დამცველისადმი ამ საკითხზე მიმართვიანობა, გარკვეულწილად, გაიზარდა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლებს და გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი მანდატის ფარგლებში, განაგრძოს მსგავსი შემთხვევების განხილვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)