სიახლეები

სახალხო დამცველმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა

2022 წლის 5 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა. ფაქტი შეეხებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომლითაც მან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებას მოჰყვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების კრიტიკული შეფასებები, რაც მიანიშნებს, რომ განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო“ წარმოადგენდა.

სახალხო დამცველმა მოცემულ საქმეში დისკრიმინაცია ორი მიმართულებით შეაფასა, პირველი უკავშირდება განმცხადებლისთვის სამუშაო მივლინების ვადის გაუგრძელებლობას, მეორე კი - რეზერვში ყოფნისას ალტერნატიულ პოზიციაზე დასაქმების შეუთავაზებლობას სამინისტროს მხრიდან.

მოპასუხე (საგარეო საქმეთა სამინისტრო) განმარტავდა, რომ განმცხადებელი სამუშაო მივლინებიდან ვადის გასვლის გამო გამოიწვიეს. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული არ აქარწყლებს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს, მითუმეტეს, რომ სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია განმცხადებელის პროფესიონალიზმი. ამასთანავე, სამინისტრომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არ მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება განმცხადებელთან დიპლომატიური მისიის გაგრძელების თაობაზე. დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო მივლინების ვადა 16-დან მხოლოდ 2 პირს არ გაუგრძელდა, მაშინ როცა, უწყებაში ძირითადად, სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელების ტენდენცია შეინიშნებოდა. ასეთი დამოკიდებულება თავისთავად წარმოშობს უთანასწორი მოპყრობის ვარაუდს. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვაკანსიების (მათ შორის, პირველი რანგის) არსებობის მიუხედავად, განმცხადებლის კანდიდატურა ამ დრომდე არც ერთ თანამდებობაზე არ განუხილავს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს - განიხილოს განმცხადებელთან მისი კვალიფიკაციის ტოლფასი პოზიციის შეთავაზება, მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით წარმართოს.

რაც შეეხება ე.წ. კარტოგრაფების საქმეს და მათ შორის, ივერი მელაშვილის ბრალეულობას, რაც სავარაუდოდ, ელჩის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების მიზეზი გახდა, სახალხო დამცველმა ზედმიწევნით შეისწავლა მოცემული საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის სტანდარტით და წარდგენილი ბრალი პოლიტიკური მოტივით დევნად შეაფასა. ამ საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მოამზადა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)