სიახლეები

სახალხო დამცველმა Quid Pro Quo სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

2023 წლის 16 აგვისტოს სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და რეკომენდაციით მიმართა მოპასუხეს მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელსა და მოპასუხეს ერთმანეთთან მიმოწერა ჰქონდათ, საიდანაც ირკვევა, რომ ორჯერ ერთმანეთს შეხვდნენ. პირველივე მიმოწერისას - 2018 წლის ნოემბერში განმცხადებელმა მოპასუხეს უთხრა, რომ მისი კოლეგაა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა, შესაბამისი კონტაქტების არარსებობის გამო, პროფესიულ განვითარებას ვერ ახერხებს. ამის შემდგომ, მოპასუხემ თავისი ინიციატივით პროფესიულ საქმიანობაზე საუბარი შესთავაზა და მათი კომუნიკაცია შესაძლო დასაქმების საკითხებს შეეხო. მოპასუხემ განმცხადებელს დასაქმების სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ურთიერთობაზე მიანიშნა და არჩევანის წინაშე დააყენა, პირადი და სამსახურებრივი ურთიერთობების შეთავსებაზე აქცენტირებით, რაც სექსუალურ შევიწროებას წარმოადგენს.

კარიერული წინსვლის წინაპირობად გარკვეულ ქცევაზე მითითება, რაც ატარებს სექსუალურ ხასიათს, წარმოადგენს სექსუალური შევიწროების სახეს მომსახურებას მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo).

გასათვალისწინებელია, რომ განმცხადებელი თავად არ ყოფილა სექსუალური კონოტაციის მქონე საუბრის ინიციატორი. განმცხადებელს სამსახურის დაწყება სურდა, რაშიც დახმარება მოპასუხეს სთხოვა. მოპასუხე კი, მისი მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებელთან პროფესიული ურთიერთობის მიღმა, პირადი, ინტიმური ხასიათის ურთიერთობის დამყარებას შეეცადა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)