სიახლეები

სახალხო დამცველმა მიკროსაფინასო ორგანიზაცია „სვის კაპიტალში“ პოლიტიკურად აქტიურ პირთა მონაცემთა ბაზის გამოყენება დისკრიმინაციულ პრაქტიკად მიიჩნია

2021 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალს“ მიმართა ზოგადი წინადადებით, დისკრიმინაციულად არ გამოიყენოს „პოლიტიკურად აქტიურთა“ ბაზა და ამის საფუძველზე, მომხმარებელს ბლანკეტურად არ უთხრას უარი მომსახურებაზე.

ზოგადი წინადადების გაცემის საფუძველი გახდა შემთხვევა, რომლის მიხედვით, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალმა“ განმცხადებელს მომსახურებაზე - მცირე ოდენობით ვალუტის კონვერტაციაზე - უარი განუცხადა, ვინაიდან იგი, რამდენიმე წლის წინანდელი პოლიტიკური საქმიანობის გამო, „პოლიტიკურად აქტიურთა“ სიაში იყო.

სახალხო დამცველის შეფასებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, ინდივიდუალურად უნდა ხდებოდეს ისეთი მომხმარებლის იდენტიფიცირება, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების საფრთხე შექმნას. პოლიტიკურად აქტიურ პირთა მონაცემთა ბაზის არსებობას და მის პრაქტიკაში გამოყენებას დისკრიმინაციული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საბაზისო ფინანსური მომსახურების მიღების პროცესში. ამგვარი ბაზების არსებობა წარმოშობს საფრთხეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებელს დაუსაბუთებლად ეთქვას უარი ისეთი მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საბაზისო მომსახურების მიღებაზე, როგორიც არის ვალუტის კონვერტაცია, თანხის გადარიცხვა, გზავნილის მიღება, ანგარიშის გახსნა და სხვა.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა მოუწოდა „სვის კაპიტალს“, უზრუნველყოს მის მიერ საჯაროდ შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის პრინციპის დაცვით და მომხმარებლის სათანადოდ შემოწმების საკითხებზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადაამზადოს თავისი თანამშრომლები. ასევე, მოუწოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს, აღნიშნული ზოგადი წინადადებით დადგენილი სტანდარტი საქართველოში მოქმედ ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე გაავრცელოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)