სიახლეები

სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

2020 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა გასტროენტეროლოგის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და ექიმსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა.

რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა პაციენტის განცხადება, რომელშიც ის სამედიცინო ცენტრში ექიმის მიერ შემოწმების პროცესში მომხდარ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე მიუთითებდა. გასათვალისწინებელია, რომ საქმის შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველს დაუკავშირდა ორი სხვა სავარაუდო მსხვერპლი - მოპასუხის პაციენტი და სტუდენტი, რომლებიც, ასევე მიუთითებდნენ მოპასუხის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე.

კერძოდ, ორივე პაციენტი აღნიშნავდა, რომ კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამოკვლევის მიზნით, ვიზიტის დროს, ექიმმა მათ სარძევე ჯირკვლები შეუმოწმა. სტუდენტის მითითებით კი, მოპასუხემ შემოწმებისთვის ლექციის შემდეგ დარჩენა სთხოვა, რა დროსაც, მის მიმართაც მსგავსი ქმედება განახორციელა ისე, რომ მკერდის გასინჯვის შესახებ არც გაუფრთხილებია და არც ნებართვა აუღია. მკერდის გასინჯვაზე. სტუდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ექიმის ქმედება არ იყო მკერდის შემოწმების მიღებული ტექნიკა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას ექიმმა განმარტა, რომ მამოლოგთან გადამისამართება აჭიანურებს მკურნალობის პროცესს, რის გამოც თავად ამოწმებს, პაციენტებს ხომ არ აქვთ ძუძუს პრობლემა, რომ დანიშნოს შესაბამისი მედიკამენტი, რომელიც პრობლემას არ გაამწვავებს. მისი განმარტებით, ის პაციენტებს ასწავლის მკერდის გასინჯვას, რადგან მიიჩნევს, რომ ქალი ძილის წინ უნდა იმოწმებდეს მკერდს, რათა გამაგრება/მასტოპათია დროულად აღმოაჩინოს.

მოპასუხის გამოკითხვის, დარგის სხვა ექიმებთან პირადი გასაუბრების, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის და საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების განმსაზღვრელი ბრძანების შეფასების შედეგად, სახალხო დამცველმა სამედიცინო მომსახურების გაწევისას სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამედიცინო მომსახურების გაწევისას სექსუალური შევიწროების კონტექსტს და აღნიშნა, რომ პაციენტი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ექიმების კომპეტენციის საზღვრებზე. ამასთან, ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ნდობაზე. სახალხო დამცველმა განმარტა, რომ თანხმობა მოპოვებული იყო პაციენტების ნდობის ბოროტად გამოყენებით. მოპასუხემ ისარგებლა პროფესიული მდგომარეობით და შეცდომაში შეიყვანა პაციენტები, რაც საკმაოდ მარტივი იყო იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს არ ჰქონდა სამედიცინო განათლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ექიმს, მომავალში არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება; ასევე, მოუწოდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, ექიმის მიმართ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)