სიახლეები

სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

2020 წლის 29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. აღნიშნული ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა 2020 წლის 30 მარტს საკუთარი ინიციატივით დაიწყო, მოგვიანებით კი საქმის განხილვის პროცესში განმცხადებლის წარმომადგენლის სტატუსით ააიპ „საფარი“ ჩაერთო.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა.

საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, მოუწოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და დაკონტრაქტებულ/დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)