სიახლეები

სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა

2022 წლის 29 ნოემბერს სახალხო დამცველმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ყოფილ დირექტორს ჟურნალისტის მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი 2020 წლის მარტიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში თბილისის ბიუროს რეპორტიორად, 2022 წლის იანვრის დასაწყისში კი, დაკავებული პოზიციიდან, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. თავის გათავისუფლებას განმცხადებელი ხელისუფლების მიმართ მომზადებულ კრიტიკულ სიუჟეტებს უკავშირებს. მოპასუხის განმარტებით, შრომითი ურთიერთობა კანონიერი საფუძვლით - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წლის იანვარს 133 თანამშრომლიდან მხოლოდ სამ პირს არ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება.

საქმის შეფასებისას სახალხო დამცველი ასევე დაეყრდნო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც მიუთითებდა, რომ განმცხადებელმა მას არაერთხელ შეატყობინა, რომ არ ეძლეოდა თავისი ფუნქციების შესრულების საშუალება. საბჭოს წევრის თქმით, ამ გათავისუფლებასთან დაკავშირებით მაუწყებლის იმდროინდელმა დირექტორმა მას საყვედურით უთხრა, რომ განმცხადებელმა არასამთავრობო ორგანიზაციები ავტორიტეტულ ორგანიზაციებად მოიხსენია.

გარდა კონკრეტული საკითხისა, რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ასევე, ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ არსებულ პრობლემურ გარემოზე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“ მოუწოდა - მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)