სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბოშათა ინკლუზიის შესახებ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2021 წლის 27 მაისს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით გამართულ, ბოშათა ინკლუზიის შესახებ კიევის საერთაშორისო ონლაინ ფორუმში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ბოშა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების შესახებ გააკეთა მოხსენება.

ფორუმი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა გახსნა. მონაწილე ქვეყნების ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების და თანასწორობის ორგანოების წარმომადგენლებმა ბოშების უფლებრივ მდგომარეობაზე და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმებისა და სხვა პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ბოშების მძიმე სოციო-პოლიტიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე, ფორუმის მონაწილე სახელმწიფოების პასუხისმგებელ ინსტიტუტებს ბოშების უფლებების დაცვის, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებსა და თანასწორობის ორგანოებს კი შესაბამის საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისკენ მოუწოდეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)