სიახლეები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია კულტურის მინისტრს და სსიპ ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ

2022 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს და სსიპ ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს ეროვნული მუზემის თანამშრომლების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებელების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.სახალხო დამცველს მომართა ოთხმა განმცხადებელმა, რომელთა პროექტმაც, ეროვნული მუზეუმის სახელით, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გაიმარჯვა. თუმცა, ეროვნული მუზეუმის დირექტორთა საბჭომ უარი განაცხადა დაფინანსების მიღებაზე, ვინაიდან, პროექტში ჩართულმა თანამშრომლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს კულტურის მინისტრი და ეროვნული მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები. ამასთან, ისინი გაათავისუფლეს ეროვნული მუზეუმიდან, რის შესახებ დავას სასამართლოში აწარმოებენ.განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია მოპასუხეებს არ მოუწოდებიათ.

სახალხო დამცველის შეფასებით, მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ პროექტმა შოთა რუსთაველის ფონდის დაფინანსება მიიღო, კულტურის მინისტრმა ცვლილებები შეიტანა ეროვნული მუზეუმის დებულებაში, რომლითაც დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს, კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით. დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ გამარჯვებული 13 პროექტიდან, 12 სამეცნიერო პროექტის დასაფინანსებლად შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ხელშეკრულებები გაფორმდა და მხოლოდ განმცხადებელთა პროექტს ეთქვა დაფინანსებაზე უარი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს და სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს:

  1. გამარჯვებული პროექტის დაფინანსების მიღების მოთხოვნით, მიმართოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს;
  2. მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)