სახალხო დამცველის მოადგილის გამოსვლა თანასწორობის კვირეულის გახსნაზე
„პროპორციული საარჩევნო სისტემა ემსახურება თანასწორობის მიღწევას საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ თანასწორობის კვირეულის გახსნაზე და იმედი გამოთქვა, რომ მოხდება საკითხის ხელახლა ინიცირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ხმების წონის თანაბრობა, მიღებული ხმების საპარლამენტო მანდატებში პროპორციულად ასახვა და პოლიტიკური პლურალიზმი პარლამენტში.
თავის გამოსვლაში გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატზე, რომელიც დიდ გამოწვევასთან ერთად დიდ შესაძლებლობებსაც აძლევს სახალხო დამცველის აპარატს, მაქსიმალურად განახორციელოს თავისი იურიდიული და ფუნქციური შესაძლებლობები, თანასწორობის მისაღწევად. აღნიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 700-ზე მეტი განცხადება შეისწავლა, ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, წარადგინა 20-მდე სასამართლო მეგობრის მოსაზრება, მოამზადა უამრავი რეკომენდაცია და წინადადება, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი კორესპონდენცია.
„ჩვენ ყველამ ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემების წარსულში მოსატოვებლად, რათა უფრო მეტი შანსი გვქონდეს, ვიცხოვროთ დისკრიმინაციისგან დაცულ საზოგადოებაში. ეს კვირეული და მსგავსი აქტივობები კარგი საშუალებაა ცნობიერების შესაცვლელად და ყველა ჩვენგანის მგრძნობელობის ასამაღლებლად თანასწორობის იდეისადმი“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს უდიდესი თანადგომისათვის და წარმატებები უსურვა მთელს ქვეყანას დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თანასწორობის კვირეული 2019 წლის 15 ნოემბერს გაიხანა „მე ვირჩევ თანასწორობის“ კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ევროპის საბჭოს პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ახორციელებს. #მევირჩევთანასწორობას #IChooseEquality