სახალხო დამცველის მოადგილემ ევროსაბჭოს პროექტის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
2024 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ თანათავმჯდომარის რანგში ევროპის საბჭოს მიმდინარე პროექტის - „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე ევროპის საბჭომ პროექტის წლიური სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომლის მიზანია გააძლიეროს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის მსხვერპლების უფლებების ეფექტიანი დაცვა დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისგან.
სახალხო დამცველის მოადგილემ კომიტეტის სხვა - გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მანდატურის სამსახურისა და „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრებთან ერთად სამოქმედო გეგმის აქტივობებსა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან ქვეყანაში ადამიანის უფლებების უკეთ დაცვისა და ანტი-დისკრიმინაციული მანდატის მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელებისთვის.