სახალხო დამცველის განცხადება მედიაში დისკრიმინაციის წახალისების ფაქტებთან დაკავშირებით
გასული დღეების განმავლობაში მედიაში დისკრიმინაციის წახალისების ზედიზედ სამი ფაქტი გამოვლინდა, რასაც სახალხო დამცველი საყურადღებო პრობლემად მიიჩნევს.
პირველ შემთხვევაში, 2022 წლის 12 ოქტომბერს აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „დიდი შესვენება“ ერთ-ერთმა წამყვანმა იხუმრა ყრუ ადამიანების შესახებ, რასაც წამყვანების მხრიდან სიცილი მოჰყვა.[1] 2022 წლის 18 ოქტომბერს კი, ტელეარხ „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ მოწვეულმა სტუმარმა პარალელი გაავლო პატრონის მიერ ძაღლის მოვლასა და მშობლის მიერ ბავშვის აღზრდას შორის, რასთან დაკავშირებითაც, მაგალითად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები დაასახელა.[2] თავის მხრივ, გადაცემის წამყვანები ხსენებულ შედარებას არ გამიჯვნიან.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მკვეთრი რეაქციის შემდეგ, ორივე გადაცემის სოციალური ქსელის გვერდებზე გაკეთდა განმარტებები ზემოაღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით.[3] ამასთან, გადაცემის „დილა ფორმულაზე“ შემოქმედებითმა ჯგუფმა მკაფიო მიუღებლობა დააფიქსირა გადაცემაში გაჟღერებულ შინაარსთან დაკავშირებით და ბოდიში მოიხადა დროული რეაგირების განუხორციელებლობის გამო, რაც მედიის მხრიდან გამოვლენილი პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია.
აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დიდი შესვენების“ განმარტებას, მეტწილად, მომხდარის გამამართლებელი შინაარსი სდევდა. გადაცემის წამყვანებმა ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრეს მეორე დღესაც,[4] რა დროსაც, წამყვანმა მიტევება ითხოვა. თუმცა, გამოხმაურება კვლავ არ შეიცავდა შეცდომის აღიარებას. წამყვანებმა, ძირითადად, ხაზი გაუსვეს, რომ ვიდეო გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით და საწყენი და მოულოდნელი იყო ის დამოკიდებულება, რაც აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან მოჰყვა. გადაცემის რედაქტორმა კი მოგვიანებით აღნიშნა: „მემგონი, არაფერი ისეთი კატასტროფული, ყველას შეიძლება ეს მოუვიდეს, არაგამიზნულად, არასწორი მოქმედება ჩაიდინონ, უბრალოდ, ის გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა ამას, მე ვფიქრობ, რომ იყო სრულიად არაადეკვატური“.[5]
სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი ახსნა-განმარტება, რომელსაც ფაქტის მკაფიოდ დაგმობა არ მოჰყოლია, ვერ ჩაითვლება შემთხვევის საზიანო ხასიათის გაცნობიერების შედეგად, სათანადო რეაგირებად, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სტატუსის გათვალისწინებით. აჭარის ტელევიზია არის საჯარო დაფინანსებით მოქმედი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებელი, რომლის მიზანსაც საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. ამასთან, მაუწყებელი ვალდებულია, პროგრამებში გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალკე ვალდებულების სახით გამოჰყოფს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციის უზრუნველყოფას. ამდენად, აჭარის ტელევიზიას, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეიძლება ითქვას, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპების მხარდაჭერაში.
რაც შეეხება მესამე ფაქტს, 20 ოქტომბერს დისკრიმინაციის წახალისების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა ტელეარხ „ფორმულას“ გადაცემაში „ფორმულა 12“. ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ძალადობის სავარაუდო ფაქტის გაშუქებისას, ეთერში გავიდა მასწავლებლის კომენტარი,[6] რომელიც სკოლაში მომხდარ ინციდენტს ბავშვის გონებრივი განვითარების შეფერხებასთან კავშირში განიხილავდა. მართალია, ტელეწამყვანმა პედაგოგის კომენტარი სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველად შეაფასა და მის შეხედულებებს პირდაპირ ეთერში გაემიჯნა, თუმცა, კომენტარი წინასწარ იყო ჩაწერილი, რაც საშუალებას იძლეოდა, ეთერში დისკრიმინაციის წამახალისებელი ფრაგმენტის გარეშე გასულიყო.
საზოგადოებაში კვლავ მყარად არის გამჯდარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება. ბევრი მათგანი იზოლირებულია სოციუმიდან, რის გამოც, ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას. ისეთი საჯარო გამოხატვა კი, რომელიც მათ მიმართ დამცინავ თუ ღირსების შემლახავ შინაარსს შეიცავს, კიდევ მეტად აძლიერებს სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაში უშლის ხელს.
შესაბამისად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს, არ დაუშვან მედია სივრცეში დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელება და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ როლს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის პროცესში და ქვეყანაში თანასწორობის იდეის დამკვიდრების ხელშეწყობაში.
[1] ხელმისაწვდომია: https://rb.gy/xymj4g
[2] ხელმისაწვდომია: https://rb.gy/n7tvty
[3] იხ. https://rb.gy/nkkqox; https://rb.gy/eurxdx
[5] ხელმისაწვდომია: https://rb.gy/ev2qxs
[6] ხელმისაწვდომია: https://rb.gy/brohoi