სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2023 წლის 15 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ, რომელიც ეტლით მოსარგებლე პირია, ვერ შეძლო პატიმრობაში მყოფი შვილის მონახულება, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გარემო არ იყო უზრუნველყოფილი ეტლით მოსარგებლეთათვის, ხოლო, პერსონალური დამხმარის თანხლების შესაძლებლობის სანაცვლოდ, მას ღირსების შემლახველი და საფრთხის შემცველი გადაადგილება შესთავაზეს.

ვინაიდან, საკითხი ეხება მისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფას ისეთ ნაკლებად შესწავლილ და მეტად სპეციფიკურ სივრცეში, როგორიც თავისუფლების შეზღუდვის ადგილებია, ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ოჯახის წევრთათვის ვიზიტისას არსებულმა დაბრკოლებებმა შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენას მოახდინოს ერთი მხრივ, პატიმართა ნათესავების ინტერესებზე და მეორე მხრივ მსჯავრდებულთა უფლებებზე, სახალხო დამცველმა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის, პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის ფუნქციებს, მნიშვნელოვნად მიიჩნია აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენა.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საპატიმრო დაწესებულებების მისაწვდომობის, პაემნის უფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების და გონივრული მისადაგების ვალდებულების კუთხით არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე. ამასთან, ხაზი გაუსვა საქმისათვის რელევანტურ ფაქტობრივ გარემოებებს და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)