საქართველოს სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროება დაადგინა
2019 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ და ამავე კომპანიის დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ სამუშაო ადგილზე განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროება დაადგინა. სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებლების ინტერესებს ა(ა)იპ „ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ წარმოადგენს.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დირექტორის მოადგილე არაეთიკური კომუნიკაციის ფორმებს იყენებდა მის დაქვემდებარებაში მყოფი განმცხადებლების მისამართით, მათ შორის, მესამე პირების თანდასწრებით, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართავდა მათ და, როგორც ძალაუფლების მქონე პირი, მტრულ და დამამცირებელ სამუშაო გარემოს ქმნიდა. ამასთან, განმცხადებლების თხოვნის მიუხედავად, კომპანიის დირექტორს აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა დირექტორის მოადგილეს, მომავალში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, თავი შეიკავოს ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართვისაგან და სამუშაო ადგილზე არ შექმნას მტრული გარემო; ასევე, სახალხო დამცველმა მოუწოდა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ დირექტორს, ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს განმცხადებლების მიმართ განხორციელებული შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით; ასევე, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს მომავალში თანამშრომლის მხრიდან რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის, მათ შორის, შევიწროების ფაქტის შეტყობინებისას; შეიმუშავოს და თანამშრომლებს გააცნოს თანასწორობის პრინციპის ამსახველი დოკუმენტი და კომპანიაში არსებული სამუშაო გარემო და ეთიკა თანასწორობის პრინციპს შეუსაბამოს.