საქართველოს სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
2019 წლის 31 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, მას შემდეგ, რაც დამსაქმებლის მიერ პრემიების გაცემის პრაქტიკის შესახებ უკმაყოფილება გამოხატა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მის წინააღმდეგ მზღუდავი ქმედებების გამოყენება დაიწყო. საბოლოოდ, მოსარჩელე სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით გათავისუფლდა.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შევიწროებაზე, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმაზე და განიხილა ის კომპონენტები, რომელიც შევიწროების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. სახალხო დამცველმა ასევე იმსჯელა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხზე.
სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე აღნიშნა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში მნიშვნელობა აქვს იმის შეფასებას, წარმოადგენდა თუ არა განმცხადებელი უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს და ხომ არ იყოხელშეკრულების ვადის გასვლა გათავისუფლების ფორმალური საფუძველი, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ კომპანიამ განმცხადებელთან 2016 წლიდან გათავისუფლებამდე პერიოდში 4-ჯერ გააფორმა შრომითი ხელშეკრულება.