სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის და მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის განცხადება ანტისემიტური გამონათქვამების შესახებ

სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის და ასევე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგების გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რაც შესაძლოა, ქვეყანაში ანტისემიტიზმის გაძლიერების საფრთხეს ქმნიდეს.

საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულს თავდაპირველად მხოლოდ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია გამოეხმაურა, რომელმაც ქადაგების მწვავედ შეფასების ნაცვლად, მიტროპოლიტ გამრეკელის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას ცილისწამება უწოდა. მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში ანტისემიტური მოსაზრებების გავრცელება საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ებრაელი ხალხის თანასწორუფლებიანობას და ამასთან, წარმოაჩენს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული - ჰოლოკოსტი და მისი გამომწვევი წინაპირობები სათანადოდ არ არის გააზრებული. ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება საფრთხის შემცველია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის.

აუცილებელია, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა არ დარჩეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების განხილვის საგნად და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოველი საჭიროების შემთხვევაში, ანტისემიტური განწყობების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, საჯარო და მკაფიო განცხადებებით, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახის ანტისემიტური დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ერის მიმართ, რაც, მათ შორის, ანტისემიტიზმის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღეა, რომელსაც, საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად აღნიშნავს 2013 წლიდან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)