სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი პაპუნა უგრეხელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პაპუნა უგრეხელის მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესახებ. თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი განპირობებულია თავად მოპასუხის მიერ ფაქტების გასაჯაროებით და მათი არასწორი ინტერპრეტაციით.

სახალხო დამცველმა, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, 2017 წლის 3 მაისს რეკომენდაციით დაადგინა პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ე.მ.–ს სქესის ნიშნით შევიწროების და სექსუალური შევიწროების ფაქტი. განსახილველ შემთხვევას სახალხო დამცველი 8 თვის მანძილზე სწავლობდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მასალებს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვისას, მოპასუხეს მტკიცებულებების ნამდვილობა არცერთ ეტაპზე არ დაუყენებია ეჭვქვეშ.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სახალხო დამცველი დაეყრდნო მხარეების - ე.მ.–ს და პაპუნა უგრეხელიძის მიერ წარმოდგენილ წერილობით პოზიციებს, მათთან ზეპირი გასაუბრებისას გამოთქმულ მოსაზრებებს, ტელეფონის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მხარეებს შორის არსებულ კომუნიკაციას და მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციას.

რაც შეეხება პაპუნა უგრეხელიძესა და ე.მ.–ს შორის დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, აღნიშნული დავა კერძო სამართლებრივი ხასიათის იყო. დავის საგანს არ წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან, მის ნაწილთან ან სახალხო დამცველის მანდატთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ–ჯერობით სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს არ გადასცემიათ. როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა, საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველი გააკეთებს შესაბამის განმარტებას. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დადგა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, მისი ნაწილი ან ინსტიტუტის მანდატი.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც ზედამხედველობს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობას. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, სახალხო დამცველი განსაზღვრულია დისკრიმინაციასთან ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმად. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა, საკუთარი უფლების აღდგენის მიზნით, მსხვერპლს აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს ან სახალხო დამცველს. შესაბამისად, ეს ორი მექანიზმი სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს სწავლობს და გადაწყვეტილებას იღებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. სასამართლოს მიერ სახალხო დამცველის გადაწყვეტილების გადახედვის მექანიზმს კანონმდებლობა არ იცნობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახალხო დამცველი თავად მიმართავს სასამართლოს მისივე რეკომენდაციის აღსრულების მიზნით.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მსხვერპლის დადანაშაულება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომპეტენტური ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია, უარყოფითად აისახება საქართველოში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე. ამასთან, მსხვერპლებში აჩენს უსამართლობის განცდას და ქმნის დამატებით ბარიერებს საკუთარი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მედიასაშუალებებს, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი შემთხვევების შეფასებას და საქმესთან დაკავშირებული პირების ინტერესების დაცვის მიზნით, მაქსიმალურად ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელონ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)