სიახლეები

საჯარო დებატები: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება

2016 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სიძულვილი მოტივირებული დანაშაულების გამოძიების თემაზე საჯარო დებატები გამართა. შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის, რასის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების საკითხი.

სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია და გამოძიება ერთ-ერთ მწვავე გამოწვევას წარმოადგენს.

სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაციაა – საქართველოს პროკურატურამ სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გაავრცელოს ის მიდგომა, რომელიც ზოგადად დანაშაულის მოტივის გამოკვეთის მიზნით გამოიყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც დისკრიმინაციული მოტივი ერთმნიშვნელოვანია.თუმცა, პროკურატურა ძირითადად, ასეთ საქმეებზე გამოძიებას ან საერთოდ არ იწყებს, ან წყვეტს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

სახალხო დამცველი აცნობიერებს პროკურატურის ექსკლუზიურ კომპეტენციას და დისკრეციას გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოძიების პროცესში სიძულვილის მოტივის გაუთვალისწინებლობის შედეგად ხდება ასეთი კატეგორიის დანაშაულების მნიშვნელობის უგულებელყოფა, რადგან პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაშიც, დამნაშავეს არ აქვს იმის რეალური აღქმა, თუ რისთვის დაისაჯა და შესაბამისად, სასჯელს არ აქვს პრევენციული ეფექტი.

დებატებზე ყურადღება გაამახვილეს პროკურორთა, გამომძიებელთა და მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების განხილვის სასამართლო პრაქტიკაზე.

ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენელი თინათინ ხაჭვანი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) დირექტორი ნათია გვიანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვალერი ლომუაშვილი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი მარინა კვაჭაძე.

ღონისძიებას მოდერაცია სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა გაუწია.

საჯარო დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე იმართება ყოველ თვე და საზოგადოებას, სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საშუალებას აძლევს განიხილონ მოსახლეობის პრობლემები.

საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ.

26.10.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)