სიახლეები

რეკომენდაცია შპს „ლ.ჯ. და კომპანის“ კლინიკას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ

2023 წლის 15 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართაშპს „ლ.ჯ. და კომპანის“ კლინიკას. ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, კლინიკის ექიმმა პაციენტი ბავშვის მამას მოსთხოვა, რომ ბავშვთან თავმდგომად დედა დარჩენილიყო, რომ პალატაში მყოფი სხვა ბავშვის დედას თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო.

სახალხო დამცველმა ასეთივე შინაარსის მქონე საქმე ჯერ კიდევ 2015 წელს განიხილა და აღნიშნა, რომ მსგავსი სტერეოტიპები კაცებს უზღუდავს შესაძლებლობას, თავისი წვლილი შეიტანონ შვილის აღზრდაში და მშობელზე დაკისრებული ტვირთი მეუღლეებთან ერთად გაინაწილონ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მამის როლის დაკნინება და მათზე დაკისრებული მოვალეობები ქალებთან თანაბრად, სტიგმებისგან თავისუფალ გარემოში უნდა იტვირთონ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა კლინიკას მიმართა რეკომენდაციით, თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების გზით, უზრუნველყოს კლინიკაში თავდგომასთან დაკავშირებით თანასწორი მოპყრობა და გაატაროს დისციპლინური ღონისძიებები აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)