სიახლეები

„მეტრო ჯორჯიამ“ დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინა

2016 წლის 2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სს „მეტრო ჯორჯიას“ მიერ ავტოსანტრანსპორტო საშუალებაში ბილეთებისა და ადგილების სქესის მიხედვით განაწილების მხრივ არსებული საკითხის შესწავლა, ვინაიდან მიიჩნია რომ აღნიშნული პრაქტიკა შესაძლოა ქალების და მამაკაცების ერთმანეთისგან სეგრეგაციის წამახალისებელი იყოს. რეგულაციის თანახმად, მგზავრს უფლება აქვს მხოლოდ თავისივე სქესის ადამიანის გვერდით შეიძინოს სამგზავრო ბილეთი. კომპანიის განმარტებით, ბილეთების მსგავსი წესით გადანაწილება თავად მომხმარებლის მოთხოვნაა, ვინაიდან სურთ, რომ ღამის საათებში თავისივე სქესის წარმომადგენლის გვერდით იმგზავრონ.

დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა სს „მეტრო-ჯორჯიას“ შესთავაზა, რომ კომპანიის ვებ-გვერდზე დაემატოს პარამეტრი, რომელიც ბილეთის შეძენის პროცესში მგზავრს მისცემს საშუალებას ელექტრონულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თანახმაა თუ არა მის გვერდით არსებული სამგზავრო ბილეთი სხვა სქესის ადამიანმა შეიძინოს.

აღსანიშნავია, რომ სს „მეტრო ჯორჯიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ზემოაღნიშნული პროგრამული ცვლილება განხორციელდეს და კომპანიამ დაიწყო აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, რაც შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს.

სახალხო დამცველი მიესალმება სს „მეტრო ჯორჯიას“ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მოქალაქეთა განსაკუთრებულ როლს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, თავიანთი საქმიანობისას დაიცვან თანასწორობისა პრინციპი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)