სიახლეები

კონფერენცია „ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი: მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“

2017 წლის 2 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა კონფერენცია გამართა თემაზე – ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი: მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები, რომელზეც სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საერთო სასამართლოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანონის ხარვეზების და მისი გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.

კონფერენციის გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება საქართველოში ადამიანის უფლებების, კერძოდ კი თანასწორობის უფლების დაცვისთვის ქმედითი ნაბიჯი იყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო პირებზე და კრძალვას ნებისმიერი დაცული საფუძვლით დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიღების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 350-ზე მეტი საქმე შეისწავლა და 30 შემთხვევაში დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი ან მიიჩნია რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ხელშეწყობას. სახალხო დამცველის ძალისხმევამ არაერთი ადამიანი თუ ჯგუფი დაიცვა შემდგომი უფლებადარღვევისგან; თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება რიგი საკანონმდებლო ხარვეზები, რომლის აღმოფხვრის მიზნით სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, კერძო სამართლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის მიზნით გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება კანონმა დაუწესოს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ასევე მოიცავს ცვლილებებს კერძო პირებისთვის სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების წარმოდგენის დავალდებულების, სასამართლოსთვის მიმართვის ვადის გაზრდის, მტკიცების ტვირთის სტანდარტის გაძლიერების და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სახალხო დამცველისთვის საქმის შესწავლი შესაძლებლობის მინიჭების შესახებ. ამასთან, კანონით პირდაპირ არ არის აკრძალული დისკრიმინაციის ცალკეული ფორმები, მაგალითად, შევიწროება და სექსუალური შევიწროება. სამწუხაროდ, კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ამ დრომდე არ მომხდარა.

კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ აღნიშნეს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს ცვლილებების განხორციელებას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით.

ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახალხო დამცველის აპარატთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ USAID-ის მიერ დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), ევროკავშირის პროექტი „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF) და „კოალიცია თანასწორობისთვის“.

2.05.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)