სიახლეები

დისკრიმინაცია ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო

2022 წლის 21 იანვარს სახალხო დამცველმა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორ-კოორდინატორი თანამდებობიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო გაათავისუფლეს; მოპასუხე მხარის განმარტებით, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შეუძლებელს ხდიდა, რომ განმცხადებელს მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეესრულებინა. განმცხადებელი კი მიუთითებდა, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა განპირობებული იყო მისი პოლიტიკური აქტივობით პარტიაში „საქართველოსთვის“ და რომ დამსაქმებელმა ვადაზე ადრე ხელშეკრულება მხოლოდ მასთან შეწყვიტა.

საქმის შესწავლის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს ყოველმხრივ არ შეუსწავლია, რატომ ვერ იმუშავებდა განმცხადებელი დისტანციური რეჟიმის პირობებში. საგულისხმოა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები რაც დაადასტურებდა, რომ განმცხადებელზე დაკისრებული ფუნქციების გაუქმება ნამდვილად დაკავშირებული იყო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, მაშინ როდესაც განმცხადებელს ხელშეკრულება სწორედ კოვიდპანდემიის დროს გაუფორმდა. ასევე, ხელშეკრულების შეწყვეტა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სექტემბრიდან - საგანმანათლებლო პერიოდის დაწყებიდან - მუშაობის აქტიურ ფაზაში უნდა ყოფილიყო, ამ პირობებში კიდევ უფრო გაურკვეველია განმცხადებლისათვის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მართლზომიერება. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციას არ მიუთითებია, რატომ შეუწყდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ხელშეკრულება მხოლოდ ამ ერთ თანამშრომელს.

გაცემულ რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდში მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ააიპ-ებიდან დასაქმებული პირების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შემთხვევები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოუწოდა ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, აღმოფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი სამუშაოზე აღდგენის გზით და მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)