სიახლეები

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული მასალები და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მტკიცებულებად მიიჩნია

ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნის ხელის შეშლის ფაქტზე, 2016 წლის 19 სექტემბერს გამოიტანილ გადაწყვეტილებაში, ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების მასალებს დაეყრდნო.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ თავმჯდომარეს რ.კ.-სა და შპს „M&B“-ის დირექტორ მ.ბ.-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს დაევალათ ქობულეთში მდებარე ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, რაც, მათ შორის, გამოიხატება მოსარჩელეებისა და პანსიონატთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობის, პანსიონში შესვლისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში. მოპასუხე ფიზიკურ პირებს ასევე დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დაეყრდნო სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით ასახულ ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს.

2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთის მოსახლეობამ, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს, მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეშლის მოტივით, პანსიონთან ღორი დაკლეს და ცხოველის თავი შენობის კარზე მიაჭედეს. ამ ფაქტის შემდეგ დღემდე ქობულეთში მდებარე შენობაში პანსიონი არ გახსნილა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნის ხელის შეშლის ფაქტსრელიგიის თავისუფლების და საკუთრების უფლების უზრუნველყოფის, ასევე სამართალდამცავთა მხრიდან ამ უფლებების რეალიზებისათვის პოზიტიური ვალდებულებების შესრულების კუთხით შეისწავლიდა.

სახალხო დამცველი ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს მუსლიმების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდა. საკითხი ასევე აისახა საქართველოს სახალხო დამცველის 2014 საპარლამენტო ანგარიშში[1] და გაიცა შესაბამისი რეკომენდაცია, სამართალდამცველთა მხრიდან საკუთარი უფლებამოვალეობების სავარაუდო არაჯეროვანი შესრულების გამოძიებასთან დაკავშირებით.[2]

მნიშვნელოვანია, მუსლიმმა თემმა რელიგიის თავისუფლებით სრულად და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე ისარგებლოს. ამისათვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს უფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობა, რაც, მათ შორის, ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლის აღმოფხვრას გულისხმობს.



[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 329-331.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 341.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)