სიახლეები

ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება შედეგები და გამოწვევები

16 თებერვალს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს სახალხო დამცველმა და ახლადდაფუძნებულმა „კოალიცია თანასწორობისთვის" დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთად შეეცდებიან ხელი შეუწყონ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებას, სახალხო დამცველის როლის გაძლიერებას და სასამართლო პრაქტიკის განვითარებას იმისათვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებები დაცული იქნას.

ამავე შეხვედრაზე განხილული იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება, მისი შედეგები და სამომავლო გამოწვევები. სახალხო დამცველმა საზოგადოებას აპარატში ახლადშექმნილი თანასწორობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგები და დასახული მიზნები გააცნო. სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებაც წარმოადგინა, რომელიც საქართველოს პარლამენტს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის გაუმჯობესების მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა.

ასევე სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციაზე მსჯელობისას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ ხაზი გაუსვა დისკრიმინაციის თემაზე მომუშავე ყველა ჯგუფთან თანამშრომლობის მზაობას და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საჭიროებისამებრ წინადადება პარლამენტს შესაძლოა კიდევ არაერთხელ გადაეგზავნოს.

16 თებერვლიდან ამუშავდება ცხელი ხაზიც, რომელიც მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„კოალიცია თანასწორობისათვის" ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგია.

კოალიციის წევრები არიან: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", „საფარი", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „იდენტობა".



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)