7 წელი ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედებიდან
დღეს, 2021 წლის 7 მაისს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 7 წელი გავიდა. ამ პერიოდში გაუმჯობესდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა; რიგ შემთხვევებში, საჯარო უწყებებმა თუ კერძო კომპანიებმა გაითვალისწინეს შიდა რეგულაციების და პოლიტიკის დაგეგმვისას თანასწორობის პრინციპი; გაიზარდა სახალხო დამცველის მიერ თანასწორობის საკითხებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი. ამ წინსვლის შედეგად, არაერთმა ქალმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა, ლგბტ+ თემის წევრმა თუ სხვა დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელმა შეძლო დარღვეული უფლებების აღდგენა.
თუმცა, სამწუხაროდ მიღწეული შედეგები ფრაგმენტულია და სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკიდან არ გამომდინარეობს. სახელმწიფოს პრიორიტეტებს შორის დღემდე ვერ მოხვდა თანასწორი სოციალური დაცვის სისტემის, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის სტრატეგიის, ჰომო/ტრანსფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა სახის ულტრა-მემარჯვენე განწყობების წინააღმდეგ ბრძოლის ხედვის თუ შშმ პირებების და ქალების საჭიროებებზე მორგებული რეალური და ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა.
ამის ილუსტრაციას წარმოადგენს ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეგულაციების უთანასწორო მიმართება სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებისადმი. წლებია გრძელდება ძალადობრივი თავდასხმები ლგბტ+ თემსა და აქტივისტებზე, რისი მსხვერპლიც ლესბოსელი ქალები სულ რამდენიმე დღის წინ გახდნენ. არ გადადგმულა ნაბიჯები სახელმწიფო თუ მუნიციპალური სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების თანასწორობის პრინციპთან მისადაგების მიზნით; გრძელდება შევიწროება, თუ სექსუალური შევიწროება საჯარო სამსახურსა და კერძო დასაქმების ადგილებზე, შრომითი უფლებების დარღვევები განსაკუთრებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ. გამოწვევად რჩება სექსისტური, ჰომო/ტრანსფობიური, ქსენოფობიური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული გამონათქვამების საჯარო გავრცელება, მათ შორის, ოფიციალური პირების მიერ. ასევე, გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად, ხარვეზებით მიმდინარეობს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის, მათ შორის, სიძულვილის მოტივის გამოვლენის მხრივ.
სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების ერთიანი მიდგომის გარეშე ხელშესახები შედეგის მიღწევა რთულად წარმოსადგენია. ის ფაქტი, რომ ინსტიტუციურ დონეზე სათანადოდ არ არის გაზიარებული თანასწორობის დაცვის მნიშვნელობა, განაპირობებს, რომ ინდივიდუალურ გარემოებებთან დაკავშირებული მოწოდებების პარალელურად, სახალხო დამცველი, ყოველ საანგარიშო პერიოდში, ერთსა და იმავე - სისტემური დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციებზე მიუთითებს.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, თანასწორობის უფლების დაცვის და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ერთიანი ხედვისა და პოლიტიკის შექმნისა და ასევე, თანასწორობის მხარდამჭერი საჯარო განცხადებების გავრცელებისკენ.