სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროება დაადგინა

2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა სს „თელასისა“ და ამავე კომპანიის ფინანსური საქმიანობის სამმართველოს ეკონომიკისა და ფინანსების სამსახურის უფროსის მხრიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო შევიწროება დაადგინა.

მხარეთა ახსნა-განმარტებების, წარმოდგენილი აუდიო-ჩანაწერებისა და მესამე პირთა გამოკითხვის საფუძველზე, დადგინდა, რომ სს „თელასის“ ფინანსური საქმიანობის სამმართველოს ეკონომიკისა და ფინანსების სამსახურის უფროსი არაეთიკური კომუნიკაციის ფორმებს იყენებდა მის დაქვემდებარებაში მყოფი განმცხადებლის მისამართით და, როგორც ძალაუფლების მქონე პირი, სხვადასხვა მექანიზმით განმცხადებლისთვის მტრულ და დამამცირებელ სამუშაო გარემოს ქმნიდა. ამასთან, საკითხთან დაკავშირებით განმცხადებლის არაერთი მიმართვის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობას სათანადო რეაგირება არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სს „თელასის“ ფინანსური საქმიანობის სამმართველოს ეკონომიკისა და ფინანსების სამსახურის უფროსს, მომავალში, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, თავი შეიკავოს ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მიმართვისგან და სამუშაო ადგილზე არ შექმნას მტრული გარემო. ასევე, სახალხო დამცველმა მოუწოდა სს „თელასის“ გენერალურ დირექტორს, კომპანიის შიდა რეგულაციების საფუძველზე, უზრუნველყოს მოპასუხის მხრიდან განმცხადებლის მიმართ შევიწროების აღმოფხვრა და გაატაროს შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები; დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს მომავალში თანამშრომლის მხრიდან რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის, მათ შორის, შევიწროების ფაქტის შეტყობინებისას და უზრუნველყოს შიდა რეგულაციების თანასწორობის პრინციპთან და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი ეფექტური აღსრულება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)