სპეციალური ანგარიშები

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ასახულია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონებში. ანგარიში 2015 წლის 23 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფისა და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ. მონიტორინგი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში განხორციელდა.

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა შემოწმდა: 1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში, 2. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, 3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონში, 4. ქართველ მუსლიმთა კავშირის სოფელ ფერიის გოგონათა პანსიონში, 5. ქართველ მუსლიმთა კავშირის სოფელ ფერიის ვაჟების პანსიონში, 6. ქართველ მუსლიმთა კავშირის ქობულეთის ვაჟების პანსიონში, 7. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბედიანის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრში.

სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში ეს იყო აღნიშნულ პანსიონებში ბავშვის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემოწმების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და ამ გამოწვევების გადაჭრისკენ მიმართული რეკომენდაციების შემუშავების პირველი მცდელობა.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონებში ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების შესრულების და მეორე მხრივ, ამ სტანდარტების შესრულების ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს ძალისხმევის შეფასება.

გამოიკვეთა, რომ ზრუნვის მიწოდების ხარისხი განსხვავებულია ზემოთ აღნიშნული დაწესებულებების მიხედვით და არ არის დარეგულირებული ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სისტემით, რადგან პანსიონების ბენეფიციარები არ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ – სოციალური სამსახური ზრუნვის პროცესში ჩართული არ არის. ეს ართულებს ბავშვის ისეთი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვის უფლება, განათლების უფლება, ძალადობისგან დაცვა და ა. შ. ის ფაქტი, რომ ამ პანსიონების ბენეფიციარებზე არ ხორციელდება სახელმწიფო ზრუნვა პრობლემებს ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისაც. სახელწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია მათთვის სტატუსის განსაზღვრა და შესაბამისი სამედიცინო სერვისის განხორციელება. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის გარეშე პრობლემურია არასრულწლოვნების პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგების საკითხი და მათი საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრა.

რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებული პანსიონების ბენეფიციარებისთვის მიწოდებული სერვისი საჭიროებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას და პანსიონების ბენეფიციართა აღზრდას ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. ამ მიზნით, სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები შეიძლება არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს. დეინსტიტუციონალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, მომსახურების მიმწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, აღნიშნულ პანსიონებში ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების შესრულების მიზნით, სახელმწიფომ უნდა მომართოს ყველა საჭირო რესურსი – შექმნას შესაბამისი მექანიზმი ამ სტანდარტების შემდგომი შესრულების ზედამხედველობის განსახორციელებლად, უზრუნველყოს მომსახურების პროცესში ჩართულ პირთა სწავლება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, ბავშვის კეთილდღეობასა და ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვის პროცესში, აწარმოოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების ეფექტური დანერგვის მიზნით, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)