ბიულეტენი

პრევენციის ეროვნული მექანიზმის კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N3

საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მესამე კვარტალური, საინფორმაციო ბიულეტენი გამოსცა. ბიულეტენში შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ორი მნიშვნელოვანი სპეციალური ანგარიშის შესახებ, რომელიც პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა შემოდგომაზე მოამზადა და საზოგადოებას წარუდგინა.

კვლევაზე დაფუძნებული ანგარიში – „მოთხოვნის/ საჩივრის განხილვის მექანიზმი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ თავისი მასშტაბითა და მოცულობითი საქართველოში პირველად განხორციელდა.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ბიულეტენში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ანგარიშს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრთან ერთად მომზადდა.

წინამდებარე ნომერში მიმოხილულია პენიტენციურ დაწესებულებებში დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევაში ხანგრძლივი პაემანის განხორციელების უფლების შეზღუდვის საკითხი; მკითხველს ასევე, შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ შემოდგომის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის ადგილებში განხორციელებული ვიზიტების თაობაზე; იხილოს ტრადიციული რუბრიკა, სადაც ამჯერად, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ისტორიაა წარმოდგენილი.

ბიულეტენში შესულია ინტერვიუ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დირექტორთან საშა გრაუმანთან. ამასთან, მკითხველს შეუძლია იხილოს საკანონმდებლო მიმოხილვა საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში და გაეცნოს საერთაშორისო სიახლეებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)