სიახლეები

წინადადება მთავარ პროკურორს მსჯავრდებულისადმი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით

2014 წლის 5 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ა.ზ–ს მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მსჯავრდებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება: სახეზე თვალბუდის არეში ჰიპერემიული უბანი, ასევე მარჯვენა ზედა ნაწილში სისხლნაჟღენთები, მარჯვენა ზედა კიდურზე ოვალის ფორმის სიწითლე, ხოლო ზურგზე განივი ჰიპერემიული უბანი, ასევე ვერტიკალური ზოლი სისხლჩაქცევებით. მსჯავრდებულის განცხადებით, 28–31 ოქტომბრის პერიოდში იგი ყოველდღიურად ექვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას.

საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ა.ზ–ს სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება საგამოძიებო ორგანოს მიერ.

სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში განთავსებული სხვა მსჯავრდებულები, მიუთითებენ ამავე დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ არაერთ კანონდარღვევაზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო მსჯავრდებულთა განცხადებების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შეისწავლოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა და გაატაროს ყველა შესაბამისი ზომა, რათა არ დაირღვეს დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა უფლებები, გარანტირებული იყოს მათი უსაფრთხოება და ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვისათვის სათანადო საპატიმრო პირობები იყოს უზრუნველყოფილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)