სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებულ შემადგენლობას ტრენინგი ჩაუტარდა
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“, ჩაუტარდათ ტრენინგი ანგარიშის წერის ტექნიკაში. ტრენინგის მიზანი იყო ანგარიშგების გაუმჯობესების გზით პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.
ტრენინგის ნაწილი, რომელსაც ფსიქოლოგები ანა გაგუა და ანა გაბისკირია უძღვებოდნენ, ძირითადად ანგარიშის წერის, როგორც კომუნიკაციის ფორმის თავისებურებებს დაეთმო, ასევე მიმოიხილეს ანგარიშის სახეები და სტანდარტული სტრუქტურა. ტრენინგის მეორე ნაწილში, რომელსაც გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წევრი არმან დანიელიანი უძღვებოდა, მოხდა წამების პრევენციის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტების პრეზენტაცია. გაიმართა დისკუსია სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის ორგანიზაციულ ასპექტებსა და ანგარიშგების საკითხებზე. ტრენინგის განმავლობაში არაერთი პრაქტიკული სავარჯიშო გაკეთდა.
ვინაიდან, შემდგომი პროფესიული განვითარება პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის პროფესიული სწავლება მომავალშიც გაგრძელდება.