სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამართულ მაღალი დონის სემინარზე მოხსენება წარადგინა

2017 წლის 6 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა სემინარი სახელწოდებით - „დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის პერიოდში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის მიზნით დაცვის ეფექტიანი გარანტიების უზრუნველყოფა“.

სემინარზე მომხსენებლებს შორის იყვნენ გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში ნილს მელცერი, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პრეზიდენტი იენს მოდვიგი, წამების პრევენციის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე მალკოლმ ევანსი, წამების პრევენციის ასოციაციის წარმომადგენელი ბარბარა ბერნატი, ბრაზილიის და ჩილეს მაღალი რანგის მოსამართლეები. აღსანიშნავია, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მსოფლიოს 65 პრევენციის ეროვნული მექანიზმიდან მომხსენებლად მხოლოდ საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია იყო მიწვეული.

ნიკა კვარაცხელიამ ფართო აუდიტორიას წამების პრევენციის საქმეში საზედამხედველო ორგანოების, მათ შორის პრევენციის ეროვნული მექანიზმების როლზე ესაუბრა; ხაზი გაუსვა საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობას, რომელიც როგორც ინდივიდუალურ საქმეებზე რეაგირების, ასევე პრევენციული მიმართულებითაც; სემინარის მონაწილეებს გააცნო ცხელი ხაზის და მობილური ჯგუფების მუშაობის სპეციფიკა, განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ფუნქციები, სამუშაო მეთოდოლოგია და გამოცდილება. აღნიშნა სახალხო დამცველის მიერ წამოწყებული საინფორმაციო კამპანია - „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“.

შეხვედრაზე მიმოიხილეს წამების პრევენციის კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები. მრავალჯერ გაიჟღერა მოწოდებამ სახელმწიფოების მიმართ, მიიღონ საჭირო ზომები წამების პრევენციის იდეის პრაქტიკული განხორციელების მიზნით და მჭიდროდ ითანამშრომლონ პრევენციის ეროვნულ მექანიზმებთან.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2016 წლის 24 მარტის რეზოლუციის თანახმად, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი სემინარის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 37-ე სესიაზე წარმოადგენს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)