სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის სასწავლო ვიზიტი სერბეთში დასრულდა

ამა წლის 21–24 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სერბეთში - ომბუდსმენის ოფისში. ვიზიტს ესწრებოდნენ, სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია კაციტაძე; თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, თამარ გაბიანი; პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა კვარაცხელია და მთავარი სპეციალისტი ლევან ბეგიაშვილი, ასევე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე ხუციშვილი.

ვიზიტი ორგანიზებული იყო შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ცენტრის (DCAF) და სერბეთის სახალხო დამცველის ოფისის მიერ. ვიზიტი მიზნად ისახავდა სერბეთის სახალხო დამცველის ოფისის გამოცდილების გაზიარებას, როგორც სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთხოების სექტორის მონიტორინგის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობის სპეციფიკასთან მიმართებით.

შეხვედრები გაიმართა სერბეთის სახალხო დამცველთან - საშა იანკოვიჩთან და მის მოადგილესთან, რომელიც ამავე დროს სერბეთის პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ხელმძღვანელობს, ასევე სახალხო დამცველის მრჩევლებთან, რომლებიც სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურების დემოკრატიულ და სამოქალაქო კონტროლს ახორციელებენ.

შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მონიტორინგის წარმოება სხვადასხვა ტიპის დაკავების დაწესებულებებში, წამების პრევენცია, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საქმიანობის კონტროლი, უსაფრთხოების სექტორი, სამოქალაქო და სამხედრო დაზვერვის მონიტორინგი.

თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა სერბეთის სახალხო დამცველს მიაწოდეს ინფორმაცია მათი დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკის შესახებ. დისკუსიის დროს გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები და გამოწვევები, რომლებიც აქტუალურია როგორც საქართველოს, ასევე სერბეთის სახალხო დამცველის აპარატის მუშაობისათვის და მოხდა ამ გამოწვევებთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრის დასასრულს ორივე მხარის მიერ გამოითქვა მომავალში მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)