სიახლეები

სახალხო დამცველი კვლავ ითხოვს N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებას

2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიდან გამომდინარე გაეუქმებინა N7 დაწესებულება. სამინისტროდან მიღებული პასუხის თანახმად, სამინისტრო ამ ეტაპზე ვერ იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების სრული ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა უახლოეს მომავალში იგეგმება დაწესებულებაში განთავსებულ პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება და მსჯავრდებულების შესაბამისი რისკის დაწესებულებებში გადანაწილება, ასევე იგეგმება N7 დაწესებულების სრულყოფილი რეაბილიტაცია და დაწესებულების პირველი სართულის სრული გაუქმება, ამასთან დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტის მნიშვნელოვნად შემცირება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თებერვალში N7 დაწესებულებიდან უკვე განხორციელდა N6 დაწესებულებაში 19 მსჯავრდებულის გადაყვანა.

დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და მისი თავდაპირველი დანიშნულების (აშენდა როგორც საგამოძიებო იზოლატორი) გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ მოხდება დაწესებულების რეაბილიტაცია იმგვარად, რომ დაწესებულების ინფრასტრუქტურა შეესაბამოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ დადგენილ სტანდარტებს. ასე, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია N7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)