სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში მიგრანტთა ადმინისტრაციული დაკავების სტანდარტების განხილვაში მიიღო მონაწილეობა

2017 წლის 31 მაისსა და 1 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც დარგში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტებთან ერთად პრევენციის ეროვნული მექანიზმების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიგრანტთა ადმინისტრაციული დაკავების სტანდარტებზე მომუშავე ჯგუფის მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმებისგან შენიშვნების და კომენტარების მიღება. საქართველოდან სამუშაო შეხვედრაში სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია მონაწილეობდა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, თუ რამდენად ადეკვატურად იყო კოდიფიცირებული მიგრანტთა ადმინისტრაციული დაკავების მარეგულირებელი სტანდარტები. პრევენციის ეროვნული მექანიზმების წარმომადგენლები მიესალმნენ მიგრანტთა დაკავების სტანდარტების კოდიფიცირების კუთხით მიმდინარე მუშაობას და აღნიშნეს, რომ სტანდარტების ამსახველი დოკუმენტის სამუშაო ვერსია მნიშვნელოვნად უნდა დაიხვეწოს. გამოითქვა მოსაზრება, რომ დოკუმენტი განიცდის ციხის ევროპული წესების გავლენას, რაც არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მიგრანტებს პატიმრებისგან განსხვავებული სტატუსი აქვთ და შესაბამისად, თავიდან უნდა იქნას აცილებული მათი ციხის მსგავს პირობებში მოთავსება. ამასთან, აუცილებელია დოკუმენტში მოცემული სამართლებრივი დაცვის გარანტიები ასევე გავრცელდეს მიგრანტთა დაკავების ნებისმიერ ეტაპზე და არ შემოიფარგლოს მხოლოდ მიგრანტთა განთავსების ცენტრებით. პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათი კომენტარები სათანადოდ აისახება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)