სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების მეთოდოლოგიაში განხორციელებულ ცვლილებებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაფინანსების არსებული მოდელის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელთა ნაწილი, კერძოდ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებები, უარს აცხადებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასა და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

2017 წლის 8 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საგანგებო მონიტორინგი განახორციელეს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა“ და „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“. მონიტორინგის მიზანს დაფინანსების ახალი წესის შედეგად სფეროში განვითარებული მოვლენების შეფასება წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ დაფინანსების მეთოდოლოგიის შეცვლის შემდეგ, ზოგადი პროფილის საავადმყოფოების მიერ ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაზე უარის თქმის გამო, 2017 წლის იანვრიდან ფაქტიურად ერთი მესამედით გაიზარდა პაციენტთა მიმართვიანობა. კერძოდ, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ 2017 წლის 1 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით 173 პაციენტმა მიმართა, მათგან 152 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

პაციენტთა რაოდენობა „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშიც“ გაიზარდა, თუმცა, დაწესებულებას, რომელიც გათვლილია 225 საწოლზე, არსებითი პრობლემა არ შექმნია.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების მეთოდოლოგიის ცვლილებას ამ ორი კონკრეტული სტაციონარის მომარაგებაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა არც მდგომარეობის გაუმჯობესების რესურსი არსებობს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ ხსენებულ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრა არ მომხდარა. ამასთან, დაწესებულებების პერსონალი განმარტავს, რომ არსებული დაფინანსების პირობებში აუცილებელი გახდება ხარჯების ოპტიმიზაცია, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს პერსონალისა და პაციენტების მდგომარეობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების გაზრდა, დაფინანსების მეთოდოლოგიის შეცვლა, კვალიფიციური პერსონალის საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა, დაწესებულებებში მატერიალური პირობების გაუმჯობესება; ამასთან, სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისად, დეინსტიტუციონალიზაციის იდეის განხორციელების მიზნით, სათემო სერვისების განვითარების და ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების ხელშეწყობა.

სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯამრთელობის სფეროში კვლავ მძიმე ვითარებაა, რაც დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს. სახალხო დამცველი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ყველა დაინტერესებულ მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს, რათა მოიძებნოს არსებული პრობლემების გადაჭრის გონივრული გზები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)